June 15, 2013

"კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სულისკვეთებას თეთრი სახლი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ იზიარებს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, "მას უტყუარი ინფორმაცია აქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტის ვერსიაში არსებული ჩანაწერის სულისკვეთებას თეთრი სახლი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ იზიარებს".


როგორც "პირWელთან" საუბარში ზალკალიანმა განმარტა, "ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს განცხადება არ გაუვრცელებია და ეს მხოლოდ წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტის ვერსიაში კონგრესმენ მაიკ ტერნერის ჩანაწერია და არასწორია, როცა მედიასაშუალებები გავრცელებულ დოკუმენტს აშშ-ის კონგრესს მიაწერენ".

"მაშინ, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა, კონგრესმენი ტერნერი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ კანონპროექტის ჩვენი ქვეყნისთვის ხელსაყრელ ფორმულირებას მტკიცედ უჭერდა მხარს, შემდგომ კი მისი ინიციატივით წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტის ვერსიაში უაღრესად მიკერძოებული ჩანაწერი გააკეთა, რაც სავარაუდოდ, საქართველოში კერძო ინტერესებით მოქმედი პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ვიდრე კანონის მიღება მოხდება, მანამდე აშშ-ის კონგრესის სენატმა და წარმომადგენლობითმა პალატამ ვერსიები უნდა შეაჯერონ, შემდეგ კი კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება.

"ის ფაქტი, რომ კონგრესმენი ტერნერი საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარია, გვაფიქრებინებს, რომ კონფერენციაზე, სადაც უნდა შეჯერდეს სენატის და წარმომადგენლობითი პალატის ვერსიები, კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში საქართველოსთვის სასურველი ფორმულირების შეტანა მოხერხდება. ამის შემდეგ კანონპროექტი გაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მისივე თქმით, "საქართველოს უსაფრთხოების და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობათა საკითხებით მანიპულირება არ შეიძლება". 

"ასეთ საკითხებში ყველამ - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა და თუკი ვინმე ხარობს ამგვარი ჩანაწერით, ის ან პოლიტიკურად უმეცარია, ან შეგნებულად მავნებლობს", - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობათა პალატის კანონპროექტის ვერსიაში წერია, რომ "საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც გარკვეულწილად, პოლიტიკური მოსაზრებებით არის მოტივირებული, შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე".


დავით ჯალაღონია
„პირWელი“

1 comment:

  1. სისხლის სამართლის დამნაშავე სახელმწიფო ჩინოვნიკების ,,გადარჩენას" (სამართლიანობის პრინციპების უგულვებელყოფის ხარჯზე! ამერიკის კონგრესის ზოგიერთ წარმოადგენელი ცდილობს თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ეშინიათ არ გამომჟღავდეს ზოგიერთი კონგრესმენის პირადი კორუფციული სახის (9 წლიანი) ურთიერთობა ნაც. პარტოკრატიასთან (და არ დაზიანდეს დღემდე არსებული კორუფციული სქემების გზები და პირები!) - აქ სხვა ლოგიკა არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში კონგრესმენებმა უნდა წარმოადგინონ ფაქტობრივი მასალები თუ რა პოლიტიკურ დევნაზე და შერჩევით სამართალზე საუბრარი? (ამ საკითხებზე რომ მოახერხოს რეაგირება ქართველმა ამომრჩეველმა!)

    ReplyDelete