ხელისუფლების შეცვლიდან
7 თვის მერე, უშიშროების საბჭო პირველად შეიკრიბა, თუმცა პრემიერ ბიძინა ივანიშვილის
გარეშე. იყო თუ არა ეს სხდომა პოლიტიკური სპექტაკლი, რუსეთთან ღია კონფრონტაციის ფონზე,
რა პოზიციას დაიჭერს მმართველ გუნდი მოახლოებულ ჟენევის მოლაპარაკებებში და რით ჰგვანან
ნაციონალები ბურბონებს? _ ,,ვერსიას’‘ განათლების მინისტრის ,,რესპუბლიკელი’‘ მოადგილე
დავით ზურაბიშვილი ესაუბრება:
_ ნაციონალებთან როგორი ურთიერთობაც უნდა გვქონდეს, არსებობს სახელმწიფო ინტერესები და ვფიქრობ, უშიშროების საბჭო აქამდეც არაერთხელ უნდა შეკრებილიყო, რადგან ერთი მხარე ალთას არ იყოს, მეორე _ ბალთას და ქვეყანა ქვეყანას ჰგავდეს. თუ ამ შეკრებებით შეთანხმებას მივაღწევთ, ამაში ცუდი არაფერია. იმ ფონზე, როცა სააკაშვილი პრეზიდენტია და ბოკერია _ უშიშროების საბჭოს მდივანი, ეს შეხვედრები რთულია, მაგრამ აბა, როგორ გვინდა?! ისე, როგორც ვატყობ, ნაციონალები სახელმწიფოსა და ხელისუფლებას ერთმანეთისგან არც ახლა ასხვავებენ. მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში ევროკავშირთან შეიძლება ხელი შეგვეშალოს, რაც ქვეყნისთვის საზიანოა. როცა ოპოზიციაში ვიყავით, ასეთ რაღაცებს ჩვენ არასოდეს ვაკეთებდით, ნაციონალებს კი შეუძლიათ, თუნდაც ევროპის სახალხო პარტიას უთხრან, ჩვენ დაგვიჭირეთ მხარი და არა ბიძინასო. ოღონდ ივანიშვილს რამე დაუშავონ და ამით ქვეყნის ინტერესებსაც ავნებენ. ეს მათი სტილია! 2007-2008 წლებში ჩვენ, მაშინდელ ოპოზიციას, ხელისუფლებასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ 2007 წელს ხელმოწერით დავაფიქსირეთ, რომ ნატო-ში შესვლა გვინდოდა, ომის დროს კი, ხელისუფლებას მორატორიუმი გამოვუცხადეთ.
_ 9 წელი ერთ გზაზე რომ მიდის, ახლა ის პოლიტიკური ძალა კურსს ივანიშვილის გამო უღალატებს?
_ იცით, საქმე როგორაა?
_ ნაციონალები ბურბონებივით არიან, რომელთაც ვერაფერი დაივიწყეს და ვერაფერი ისწავლეს!
ვერც ის დაივიწყეს, რომ ხელისუფლებაში იყვნენ და ვერც საკუთარი შეცდომებიდან გამოიტანეს
დასკვნები!
_ ცოტა ხნის წინ,
ოკუპაციის კანონში ,,ოცნებამ’‘ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც, საზღვრის გადმოკვეთისთვის
პიროვნებას კი არ დაიჭერენ, არამედ ,,დაშტრაფავენ’‘. ორი დღის წინ კი, გრიგორი კარასინმა
მოგიწოდათ, ეს კანონი საერთოდ გააუქმოთო...
_ ასეთ საკითხებს
კარასინი არ წყვეტს და რა თქმა უნდა, ასე არ იქნება! რუსეთთან დასათმობი აღარაფერი
გვაქვს, ან კი რა უნდა დავთმოთ _ ყველაფერი ისედაც წაიღეს! აბა, ახლა ხელებაწეული ხომ
არ ჩავბარდებით და დამოუკიდებლობაზე უარს ვიტყვით?! არც ნატო-ზე ვამბობთ უარს, ერთადერთი,
რაც გავაკეთეთ _ შევწყვიტეთ აგრესიული რიტორიკა: რუსეთს აღარ ვაგინებთ, მაგრამ ეს იმას
არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ფეხზე დავიკიდებთ! სხვათა შორის, ვიზიარებ
ზოგიერთის არგუმენტს, რომ ეს ტონი, შესაძლოა, რუსეთმა ჩვენს უკანდახევად აღიქვას. ამაში
არის ჭეშმარიტების მარცვალი და არც იმის ილუზია მაქვს, რომ რიტორიკის დათბობით რაღაც
შეიცვლება. მესმის, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, მაგრამ მეორე მხრივ, საერთაშორისო
საზოგადოების სერიოზული მობილიზებაც გვჭირდება.
_ და ამ ,,ბეწვის
ხიდზე სიარულისას’‘, რა პოზიციას დაიჭერს ,,ოცნება’‘ ჟენევის მოახლოებულ შეხვედრაზე?
_ ეს უკვე ჩვენი მოხერხების
საკითხია და ყველას ვეთანხმები, ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე,
ერთი ერთზე, რუსეთთან ვერაფერს გავხდებით! უბრალოდ, იმას ვერ დავეთანხმები, რომ ამ
ქვეყანასთან მიმართებაში აგრესიაა საჭირო.
_ ბატონო დავით, რა
ამის პასუხია და, მიუხედავად იმისა, რომ ,,ოცნება’‘ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის
ლოზუნგით მოვიდა, ჯერჯერობით, მხოლოდ მერაბიშვილი და ახალაია ,,დაზარალდნენ’‘...
_ სხვებიც ,,დაზარალდებიან’‘
_ ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხს აგებს! ვის წინააღმდეგაც სერიოზული მტკიცებულებები
არსებობს, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, თორემ ასე რომ მივყვეთ, ნახევარი საქართველო
მანკიერ და დანაშაულებრივ წრეში იყო ჩაბმული. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ადგილობრივი
არჩევნების დროს, მერიამ სახლების სახურავები შეაკეთა და მუშებიც კი სიით გაუშვა, ვისთვის
უნდა გადაეხურათ სახლი და ვისთვის _ არა. ჩემს სამეზობლოს სახურავები შეუცვალეს, მე
კი, შუაში, ძველი სახურავით დავრჩი.
_ მერე, სადაა საპარლამენტო
საგამოძიებო კომისია, რომლისთვისაც თქვენს თანაპარტიელ ხიდაშელს უნდა ეხელმძღვანელა,
არც საკონსტიტუციო კომისია ჩანს, რომლის თავმჯდომარედაც, ასევე თქვენი პარტიელი ვახტანგ
ხმალაძე მოიაზრებოდა?
_ მახსოვს, თავიდანვე
ითქვა, რომ ეს კომისია აღარ შეიქმნებოდა, ამის შესახებ თავად თინა ხიდაშელმაც განაცხადა.
დანარჩენი ჩემი კომპეტენცია არ არის, მით უმეტეს, ვითარების დაძაბვას არ ველი. საპრეზიდენტო
არჩევნებიც ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩაივლის, ამის გარანტიას გაძლევთ.
ყველამ ვიცით, საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლა, რეალურად, მეორე ადგილისთვის მიდის.
რა თქმა უნდა, ,,ოცნების’‘ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ფავორიტია, ხოლო მეორე ადგილზე
დაფიქსირება, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალისთვის, ნაციონალებისთვისაა მნიშვნელოვანი.
ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა კი, სავარაუდოდ, საერთო ფრონტით იქნებიან წარმოდგენილნი
და ერთი კანდიდატი ეყოლებათ.
_ ამ არჩევნებში მხოლოდ
მარგველაშვილი იქნებოდა ფავორიტი თუ ,,ოცნების’‘ ნებისმიერი კანდიდატი?
_ ჯერ ერთი, მარგველაშვილს,
ასე თუ ისე, საზოგადოება იცნობს და არც ის დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი, რომელიც ამ
კონსტიტუციით ირჩევა, არც შევარდნაძეა და არც _ სააკაშვილი. რა ფუნქციებიც ამ პრეზიდენტს
აქვს, ამისთვის მარგველაშვილის გამოცდილება სრულიად საკმარისია.
_ რა გამოცდილება
აქვს მარგველაშვილს _ ჯარების მთავარსარდალი იყო თუ საგარეო უწყების ხელმძღვანელი?
_ მთავარსარდლობა
პირობითი ცნებაა, პრეზიდენტი სამხედრო პირი ხომ არ იქნება? მთავარია, პრეზიდენტი არბიტრი
და მომრიგებელი იყოს, ვისაც პოლიტიკურ კრიზისში ვითარების განმუხტვა შეეძლება. რაც
შეეხება საგარეო ურთიერთობებს, კაცი ამერიკელებთანაა ნამუშევარი, ,,ენდიაი’‘-ში, არაჩვეულებრივად
იცის ინგლისური და თავისუფლად საუბრობს უცხოელებთან. საკმაოდ გავლენიან წრეებში ბევრი
მეგობარიც ჰყავს, სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი დენიელ კულენი მისი ახლო მეგობარია
_ თავის დროზე, ქართულს გიორგი ასწავლიდა. გიორგი ის ადამიანია, ვისაც კარგი ურთიერთობა
აქვს ყველა პარტიის ლიდერთან. საერთოდ, პიროვნებაა ასეთი _ ყველასთან კარგი ურთიერთობა
აქვს.
_ სტუდენტების გარდა...
არბიტრი და მომრიგებელი იქნებაო, ამბობთ, თუმცა ივანიშვილის გუნდში ყველაზე ხისტი მინისტრი
მაინც მარგველაშვილი აღმოჩნდა _ 6 თვეში მის სახელზე უამრავი კონფლიქტი ,,მოდის’‘.
_ სტუდენტების იმ
ნაწილთან, ვინც საზაფხულო დასაქმების აღდგენას ითხოვს, მაინცდამაინც, კარგი ურთიერთობა
ვერ ექნება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ დაზუსტებულ ინფორმაციას, რომ ,,სამმერჯობის’‘
პროგრამაში ჩაბმული ყველა სტუდენტი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყო. არაფერში
300 ლარს თუ მეც მომცემენ და არაფერს გამაკეთებინებენ, უარს ვიტყვი?! ჯერ ერთი, მარგველაშვილი
ძალიან ხისტი რომ ყოფილიყო, თუნდაც აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, იმ გადაწყვეტილებას
არ მიიღებდა და სააკაშვილივით, ვირზე შეჯდებოდა. გამომცემლებთან დაკავშირებით კი, თვითონ
ამ გამომცემლებმა აირჩიეს ხისტი პოზიცია.
_ სხვათა შორის, საკაშვილი
ამბობს, განათლების სამინისტრო ფულს იმაში ზოგავს, რაშიც არ უნდა დაზოგოს და მოსწავლეებს
საზღვარგარეთ სასწავლებლად არ უშვებსო... ასეა?
_ ინტერვიუს რომ დავასრულებთ,
კომისიის სხდომა მელის, სადაც სწორედ საზღვარგარეთ წამსვლელი აპლიკანტების განცხადებებს
განვიხილავთ. ამ კომისიის თავმჯდომარე ვარ და ზუსტად ვიცი, წელს ბევრად მეტ სტუდენტს
დავაფინანსებთ, ვიდრე აქამდე. ამ საქმისთვის სამინისტრომ, დაახლოებით, 3 მილიონი გამოყო
და 200-მდე განაცხადი გვაქვს მიღებული.
_ ისე, ბატონო დავით,
თქვენ მოიაზრებით განათლების მინისტრის შემცვლელად...
_ საერთოდ, მირჩევნია,
არსად ვმუშაობდე და ბევრი ფული მქონდეს, მაგრამ ცხოვრება ეგრე არ არის! საკუთარ
თავზე საუბარი უხერხულია, ამიტომ ამას მთავრობა გადაწყვეტს. მარგველაშვილის რეკომენდაციაზეც
ბევრია დამოკიდებული, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი არ არის და, მინიმუმ, 2 თვე მაინც არ
იქნება. სადაც უნდა ვიყო, არსად დავიკარგები!
ნინო კომახიძე
versia.ge
No comments:
Post a Comment