პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილის განცხადებებზე, ასევე სამეგრელოში ნაპოვნი კადრების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე, "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
- ბატონო სოსო, ესტონურ გამოცემა Postimees-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ "ხელისუფლებაში სულ რამდენიმე დღით დარჩება". ჩვენ მოვისმინეთ ამ განცხადებაზე ქართულ მედიასთან ივანიშვილის კომენტარები და განმარტებები. თქვენ როგორ შეფასებდით ამ თემაზე პრემიერის როგორც განცხადებას, იხე შემდგომ გაკეთებულ განმარტებებს?
- ძნელად წარმოსადგენია, 2013 წლის ნოემბრისთვის სიტუაცია ქვეყანაში იმდენად მშვიდი და დამაჯერებელი იყოს თავისი პერსპექტივით, რომ პრემიერს პოლიტიკიდან გარიდების სურვილი გაუჩნდეს. დავესესხები "ნაციონალურ მოძრაობას" - "გასაკეთებელი, კიდევ ბევრია". ივანიშვილის მიმართ მოლოდინები საზოგადოებაში დღესაც საკმაოდ მაღალია. საზოგადოების მხრიდან ივანიშვილს დღესაც ყველაზე მაღალი ნდობა აქვს, ამიტომ მისი მზაობა ნოემბერში პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით აზარალებდა თავად საპრეზიდენტო არჩევნების პროცესსაც. ძნელია, ვივარაუდოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მაღალი დასწრება იქნება, შესაბამისად, ვერც მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მოუტანს რაიმე სიკეთეს წარმოდგენა იმისა, რომ ქვეყნის მმართველი იქნება არა ბატონი ივანიშვილი, არამედ - სხვა ვინმე.
- პრემიერის განცხადებები ხომ არ მიანიშნებს, რომ მას ნოემბრამდე ყველაფერის დალაგება შესაძლებლად მიაჩნია და მარტივი წარმომდგენა აქვს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები საქართველოს შიდა პოლიტიკაში მისი წასვლის შემთხვევაში?
- არ მაქვს მიზეზი, ეჭვი შევიტანო ივანიშვილის მიერ სიტუაციის შეფასების შესაძლებლობებში. ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია ის, რაზეც პრემიერი საუბრობს, გამომდინარე მის მიერ განვლილი გზიდან და მიღწეული წარმატებებიდან. ჩემი აზრით, მისი განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ რამდენიმე ფარულ გზავნილსაც შეიცავს. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან მისი სავარაუდო წასვლაზე განცხადება იმ შემთხვევისათვის გააკეთა, თუ დასავლეთისთვის მიუღებელი იქნება სამართლიანობის აღდგენის პრემიერისეული ხედვა.
- ანუ, თქვენი აზრით, ეს განცხადება არა მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც გაკეთდა?- რასაკვირველია. მაქვს შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა, კოჰაბიტაციის პროცესი ამოწურულად ჩაითვალოს მათთვის, ვისაც იმედი აქვს, რომ თანამშრომლობა დამნაშავე ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის დემოკრატიული წინსვლის საფუძველად მიაჩნია.
- რაც შეეხება შსს-ს მიერ მოპოებულ წამებისა და დაკავებულთა წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ამსახველ სკანდალურ ფირებს. ამ თემაზე სახეზე გვაქვს ორი მთავარი მოსაზრება; პირველი - ადასტურებენ თუ არა მასალები ქვეყანაში დანაშაულებრივი სისტემის არსებობას და მეორე - ეს მასალები მართლა იქნა თუ არა ამოღებული სამეგრელოში ნაპოვნი სამალავებიდან? ამ ორივე კითხვისადმი თქვენი დამოკიდებულება როგორია?- ქვეყანაში რომ დანაშაულებრივი რეჟიმი მოქმედებდა, ამისთვის სამალავში ნაპოვნი მასალები მხოლოდ დამატებითი მტკიცებულებაა. შესაძლოა, უკვე ზედმეტიც, რადგან ჩვენს საზოგადოებას არაერთი ფაქტი ახსოვს იმის დამადასტურებელი, რომ ნულოვანო ტოლერანტობა "ნაცმოძრაობის" საქმიანობის ქვაკუთხედი იყო და საკუთარი მოსახლეობბისადმი ზიზღში გამოიხატებოდა. ასეთ ვითარებაში, რამდენი სამალავიც უნდა იყოს აღმოჩენილი, ცხადია, დამოკიდებულება არ შეიცვლება. შესაძლოა, ამ კადრებს მნიშვნელობა ჰქონდეთ ახალი ხელისუფლების გულუბრყვილო უცხოელი კრიტიკოსებისათვის.
როდესაც ვიხსენებ რამოდენმე წლის წინადელ პერიოდს, მახსენდება ქალბატონ ეკა ბესელიასი არანაკლებ 10 წერილობითი მიმართვის ტექსტი სასჯელარსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძის მისამართით, რომლებიც პასუხგაუცემელი დარჩა. მათში პატიმრების წერილების საფუძველზე აღწერილი იყო ის პროცესები, რომლებიც ციხეში ხდებოდა. მინისტრმა კალმახელიძემ არა და არ ინება ამ თემაზე ადვოკატებთან შეხვედრა. დღეს გაკვირვებას იწვევს ის, რომ "ნაცმოძრაობის" სატელევიზიო პროპაგანდისთვის შერჩეული ყველა რჩეული პირი ემიჯნება ძალადობას და აცხადებს, რომ ამ პროცეში ჩართული არ იყვნენ.
თუ ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ, საზოგადოების თვალში ეჭვმიტანილები მაინც არიან. არც ერთ საქმეს დანაშაულში ეჭვმიტანილი არ იძიებს. თუ ვინმეს უნდა ამ უბედურობისგან გამიჯვნა და აქვს საფუძველი, იყოს ობიექტური, იქნებ ჯერ შიდაპარტიული მოკლვლევა ჩაეტარებინათ და თავად აღმოეჩინათ მომხდარის მიზეზები და დაესახელებინად დამნაშავეთა გვარები. უცნაური ის არის, რომ "ნაცმოძრაობა" იმ ადამიანების დასაცავი გახდა, რომლებთაც ამ საშინელებებში მონაწილეობა ნამდვილად არ მიუღიათ.
- ანუ, თქვენ გამართლებურად მიიჩნევთ უმრავლესობის წარმომადგენლებისა და მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებებს, რომ ამ საკითხებზე გამოძიებისათვის ხელისუფლება უმცირესობასთან არანაირ ფორმატში არ ითანამშრომლებს?- ნებისმიერი სხვა ნაბიჯი საზოგადოებაში სერიოზული უნდობლობის საგანი გახდებოდა.
- ორი თუ 3-დღიანი დუმილისა და პაუზის შემდეგ პრეზიდენტი ფირების თემას გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ იარაღის სამალავების შექმნა მისი დავალება იყო. ამ თემაზე საუბრისას პრეზიდენტი თითქმის ყვიროდა და გაიძახოდა, დაიჯერეთ, კოჭოია და დუდაევი ტერორისტები არიანო. თქვენ როგორ შეაფასებდით სკანდალურ კადრებზე პრეზიდენტის რეაქციას? - პრეზიდენტი შესაშურ დღეში ნამდვილად არ არის. პრეზიდენტის ნებისმიერი აღგზნებული გამოსვლა თვითგადარჩენის ინსტინქტს ეფუძნება. როდესაც ის ცდილობს, რაიმე განცხადებით განერიდოს რაიმე ტიპის ბრალდებას, პრეზიდენტის თვითლუსტრაციის რეჟიმში ყოფნის მოწმენი ვხდებით. ამის საუკეთესო დასტური გახლდათ უკანასკნელი გამოსვლები, სადაც დაასახელა გვარები, ვინც უმსგავსობებს ჩადიოდა. აღმოჩნდა, რომ მის მიერ სისტემაში "შეპარულებად" გასაღებულ ადამიანებს პრეზიდენტი შესანიშნავად იცნობდა, მისი ნდობით სარგებლობდნენ, მათთვის ორდენებიც ჰქონდა გადაცემული და ძვირად ღირებული მიწის ნაკვეთებიც.
პრეზიდენტი იმასაც კი ვერ ხვდება, რომ თავისი განცხადებებით საინტერესო მასალას აწვდის გამოძიებას და მისი განცხადებები დამაჯერებელს ხდის იმას, რომ ქვეყანაში არსებული რეპრესიული მანქანის შესახებ პრეზიდენტმა ყველაფერი იცოდა. ახლა საუბარი იმაზე, რომ იგი ახალ რაიმეს ემიჯნება, დაგვიანებული რექვიემია.
- მასალების განადგურების თემაზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ გვინდა, სამართალდამცავი ორგანოები გაიწმინდონ ნაძირალა თანამშრომლებისგან, ამ სკანდალური მასალების დეტალური შესწავლა უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ - განადგურება. თქვენ თუ უჭერთ მხარს ამ მოსაზრებას?- მე აქტიური მხარდამჭერი ვარ ამ მოსაზრების. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი დაუპირისპირდა ენთუზიაზმით დაანონსებული ფირების განადგურების კომპანიას. პირველებმა სწორდ ჩვენ ვთქვით, რომ ასეთი სისწრაფით კადრების განადგურება მხოლოდ ავნებდა პროცესს და უფრო პიარაქციას დაემსგავსებოდა, ვიდრე რაიმე შედეგის მომტან ქმედებას.
ამავე დროს, უნდა ითქვას იმაზე, რომ ჩვენ დღემდე ვსაუბრობთ მხოლოდ შსს-ს მიერ მოპოვებულ მასალებზე. შსს ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი ორგანოა იმ შვიდიდან, რომელსაც აქვს კანონიერი უფლება, აწარმოოს მოქალაქეებზე თვალთვალი. მაგრამ, ახლა საკითხავი ის არის, რატომ დუმან დანარჩენი 6 უწყების ხელმძღვანლები? რა, მხოლოდ "ვანოვიდეო" მუშაობდა? ვიდრე სხვა უწყებები შსს-ს ანალოგიურ სამუშაოებს არ ჩაატარებენ, საუბარი იმაზე, რომ ჩვენთან ავი ზნეობის მატარებელთა ქმედება არ გამეორდება, ძალიან მცირეა.
- სკანდალური კადრების ისტორიაში უცნაური ის არის, რომ საერთოდ, უკანონობის ჩამდენი ყოველთვის ცდილობს კვალის დაფარვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ იქნა გადაღებული მასალა და შემდგომ შენახული. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "ნაცმოძრაობის" გუნდის შიგნით ერთმანეთის საწინააღმდეგო მასალები გროვდებოდა და ვიღაცამ თავის გადასარჩენად მერაბიშვილის წინააღმდეგ საჭიროების შემთხვევაში აამოქმედა? - ეჭვი არ მეპარება, რომ "ნაცმოძრაობის" შიგნით ბევრი ერთმანეთზე კომპრომატებს აგროვებდა. საუბარი მათ ერთიანობასა და მონოლითურობაზე თითიდან გამოწოვილი თემაა. ამ პოლიტიკური ძალის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გაქცეულია, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ მიმართ არა მხოლოდ მთლიანად საზოგადოებას, არამედ მათ თანაპარტიელებსაც აქვთ სასაყვედურო და ეს გარჩევები მას შემდეგაც გაგრძელდება, რაც "ნაცმოძრაობა" აღარ იქნება აქტიური მოთამაშე ქართულ პოლიტიკაში.
- დრომ გვიჩევანა, რომ პროკურატურაში კვალიფიციური გამომძიებლების ნაკლებობაა. საერთაშორისო ორგანიზაცია "კაპიტოლ ლინკის" წარმომადგენელმა და ექსპერტმა საარჩევნო და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ხელისუფლებას ამერიკელი პროკურორების ჩამოყვანა შესთავაზა. თქვენი აზრით, მართლაც შეიმჩნევა თუ არა პროკურატურაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება სერბი ექსპერტის რჩევას? - კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აღმოფხვრადი თემაა, მე უფრო მაფიქრებს პროკურატურაში იმ კადრების საქმიანობა, რომლებიც სიამოვნებით იყენებენ ზურიკელა ადეიშვილის გამოცდილებას და აქვთ სრულიად მკაფიო მცდელობა იმ სამართლებრივი სტანდარტების დამკვიდრებისა, რომელიც აგერ რიგად მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის. ჩემთვის ამის ნათელი დასაბუთება გახლავთ სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენელთა დაპატიმრება და შემდეგ გამოძიების პროცესი. ძალიან მწყდება გული, რომ ადამიანები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ნდობით სარგებლობენ, რეალურად მისი დისკრედიტაციის მიმართულებით მოქმედებენ.
- ბატონო სოსო, ვის გულისხმობთ?- ვგულისხმობ მათ, ვინც აწარმოებს საპროკურორო ზედამხედველობას იმ მეცნიერებათა დოქტორების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მთლიანად იმ სამარცხვინო საქმეს, რასაც ჰქვია საქართველოში ტრაქტორების შემოყვანა, ამის გამო სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დევნის ფაქტები, რომელიც სცილდება არა მარტო მართლმსაჯულების ჩარჩოებს. უკვე ევროპელებიც დაინტერესდნენ, თუ რატომ ხდება ევროკავშირის ამა თუ იმ პროექტის დისკრედიტაცია კორუფციის უსაფუძვლო ბრალდებებით.
- რაც შეეხება ამერიკელი პროკურორების საქართველოში ჩამოყვანის თემას . . . - ჩემთვის მთავარია არა პროკურორის ეროვნება, არამედ მისი პატიოსნება და კვალიფიკაცია. იყვნენ ამერიკელებიც და ევროპელებიც, საწინააRმდეგო არაფერი მაქვს. ვერ ჩამოვიყვანთ აშშ-ის კონგრესმენებს იმის გასარკვევად, თუ ვინ რას სჩადიოდა.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
No comments:
Post a Comment