June 4, 2013

"მამაოებს ვერ დაიჭერენ, თუ რომელიმე მათგანს ხელს დაადებენ, აქციაზე 500 ათასი კაცი გამოვა"

ჯონდი ბაღათურია: “ამ მამაოებს ვერ დაიჭერენ, და თუ რომელიმე მათგანს ხელს დაადებენ, აქციაზე 500 ათასი კაცი გამოვა, ეს უკვე იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული”
ვანო მერაბიშვილს ოცნების ასრულება არ დასცალდა, “ქართულმა ოცნებამ” ყოფილ შს მინისტრსა და “ნაციონალური მოძრაობის” ხერხემალს ოცნებები დაუპატიმრა.
“ოცნებაპირშიგამოვლებულს” სხვა მეოცნებეებიც შეემატებიან “ნაციონალური მოძრაობიდან”.



ლიდერობენ ქალაქის მერი _ გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გიგა ბოკერია, ცხადია, ამ “ტროიკას” დაამშვენებს მიხეილ სააკაშვილი. უკვე ნაპრეზიდენტალი სააკაშვილი თუ თავს არ უშველის უცხოეთში გაქცევით, პროკურატურასთან კატათაგვობანას თამაში მოუწევს, ბრალდებები მასზე ბლომადაა. ერთ-ერთი ბრალმდებელი კი “ქართული დასის” ლიდერი _ ჯონდი ბაღათურიაა, რომელიც სააკაშვილს მის ოჯახზე არსებული კორუფციული სქემის კომპრომატებით პარლამენტის ტრიბუნასთან ახტუნავებდა. ცხადია, საინტერესოა, ბაღათურიას მიერ მაშინ აფრიალებულ კომპრომატებს თუ მიამატა რამე ახალი და შეიტანა თუ არა პროკურატურაში.


გთავაზობთ ინტერვიუს “ქართული დასის” ლიდერთან _ ჯონდი ბაღათურიასთან:


_ ყველა მასალა, რაც ჩემს ხელთ იყო, პრეზიდენტ სააკაშვილსა და მისი ოჯახის წევრებზე, მათი კორუფციული საქმიანობის შესახებ გადავაგზავნე პროკურატურაში. ყველა გონივრული ვადა ამოწურულია იმისთვის, რომ საქმე ძიებაში წარმართულიყო. როგორც ჩანს, პროკურატურა ძლიერი ზეწოლის ქვეშ არის, რატომღაც ახალმა ხელისუფლებამ აირჩია სამართლიანობის აღდგენის არაეფექტური გზა, ამას დავარქმევდი შერჩევით სამართალს _ რამდენსაც გაბედავენ, იმდენს გადმოაგდებენ. ჯერ ერთი “ბარტყი” გადმოაგდეს, ვანო მერაბიშვილის სახით. პრინციპში, სააკაშვილის გადმოგდებას ვერ ბედავენ. 17 მაისს ხალხის გაცხარებამ ახალი ხელისუფლება დააფიქრა, მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ რჩებოდათ და ამიტომაც აქციის გადაფარვის მიზნით ვანო მერაბიშვილი დააპატიმრეს, მაგრამ ხალხი ამ საკენკს არ აკენკავს, რადგან გარეთ დადის კახა ბენდუქიძე, რომელმაც გაყიდა საქართველოს ქონება, თავისუფლად დაიარება გიგა ბოკერია, რომელმაც საბიუჯეტო სახსრები პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენა, ის ფულს ხარჯავდა ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის. თუ ვანო მერაბიშვილის ან სხვა ჩინოვნიკების გამდიდრებაზე ვილაპარაკებთ, არც გიგა ბოკერია და მისი ოჯახი გამდიდრებულან სხვაზე ნაკლებად ბიუჯეტის ხარჯზე. შეგვიძლია თვალი გადავავლოთ, როგორ იმარჯვებდნენ ბოკერია და მის ოჯახთან დაახლოებული პირები სხვადასხვა ბიზნესტენდერებში. გარეთ დადის გია ბარამიძე, კეზერაშვილი... გია ბარამიძე არის ყველა პარლამენტის სირცხვილი, მით უფრო ამ პარლამენტის, ვინც ხმა მისცა მის ვიცე-სპიკერობას.
მე ვფიქრობ, პროკურატურა სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით ელოდება, თუ როდის აენთება მწვანე შუქი. მთავარ პროკურორს ბრალს ამაში ვერ დავდებ, კბილაშვილი წესიერი კაცია, მაგრამ ის განიცდის მთავრობიდან ზეწოლას და შესაბამისად, მოქმედებს ფრთხილად. როცა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის კორუფციული საქმიანობის მასალები გადავაგზავნე, ორ კვირაში პროკურატურიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მთავარი პროკურორის კონტროლქვეშ არის ეს საქმე. პირადად უნდა მქონდა საუბარი იმ საგამოძიებო ჯგუფთან, ვისაც ეს საქმე დაეწერა, შევთანხმდით, რომ ერთად გაგვევლო საქმე, მაგრამ კონტაქტი გაწყდა. მოკლედ, სააკაშვილის საქმე ვერ მიდის წინ ბარიერების გამო. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს თამამი ნაბიჯების, როცა საქმე ეხება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას.
_ თქვენ 17 მაისის აქციის შეფასებისას განაცხადეთ, _ მთავრობა არის შეშინებული, ვურჩევ, ნუ იმუქრებიან, ზოგიერთმა შეიძლება აეროპორტამდეც ვერ მიასწროსო. რით იგრძენით, ერთი მხრივ, ის, რომ მთავრობა შეშინებულია, და მეორე მხრივ, რაში გამოიხატება მათი მუქარა?..
_ ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილსა და მის ბანდას ძალიან გაუმართლა, ივანიშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში. მან შეძლო პროცესების კონტროლზე აყვანა, თორემ სააკაშვილს აუცილებლად გადათელავდა ხალხი. ვშიშობ, ახლა ახალი ივანიშვილი ვერ მოვა და უსუფაშვილ-ხიდაშელს ასევე ვერ გადაარჩენს ხალხის აგრესიისგან. სწორედ უსუფაშვილ-ხიდაშელის აგრესია ბადებს ხალხის აგრესიას, როცა გამოდიან და თითის ქნევით ემუქრებიან ქართულ საზოგადოებას და საქართველოს ეკლესიას, პირდაპირ მოითხოვენ აქციის მონაწილეთა დაპატიმრებას, მათ შორის, სამღვდელოების დაპატიმრებას.
დიახ, კანონის წინაშე ყველა თანაბარია, მაშინ საკუთარი თავიდან დაიწყონ, გადახედონ თავის წარსულს, როდის რა აქვთ გაკეთებული. როცა ისინი გამოდიან და ჩერგოლეიშვილის განცხადებას იმეორებენ, რომ დასასჯელები არიან სასულიერო პირები, ისინი არ დაინტერესებულან, იყო თუ არა სასულიერო პირების ხმის ფაბრიკაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გავაკეთეთ ექსპერტიზა და მამაო იქ არ იგინება, ეს არ არის მისი ხმა. მეორე მამაო კი ტაბურეტით ხელში მიდის და ამ ტაბურეტს არ იყენებს, ეს კადრებიდანაც ჩანს. მე აუცილებლად დავესწრები სასამართლო პროცესს და ვაცხადებ, რომ სასულიერო პირების სასამართლოზე მივა ადამიანთა დიდი არმია. ძალიან საინტერესო იქნება, ბრალს რაში დასდებენ, სასულიერო პირს სკამი რატომ გეჭირაო?!. ეს არ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარის აგრესიული ზეწოლა, მისი მეუღლის ასევე აგრესიული განცხადებები, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ასევე აგრესიული განცხადებები. ამ ორმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში შემდგარიყო პრეცედენტი მღვდლების წინააღმდეგ.
საერო კანონის დარღვევის დროს, ცხადია, ყველა თანაბარი უნდა იყოს კანონის წინაშე, მაგრამ ეკლესიური ცხოვრების ქადაგების გამო, ორ მამაოზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ეს არის სამარცხვინო. მინდა გითხრათ, ამ მამაოებს ვერ დაიჭერენ, და თუ რომელიმე მათგანს ხელს დაადებენ, გუშინ თუ იყო 50 ათასი კაცი გამოსული სექსუმცირესობის აქციაზე, ხვალ 500 ათასი კაცი გამოვა სასულიერო პირების დასაცავად და ეს აქცია უკვე იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული. მერე ამ ხალხს ვერანაირი ძალა ვერ დააკავებს. ბოკერია რომ დარბის აქეთ-იქით, ის დაკავებულია მხოლოდ ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობით. ყველა ასეთი აქციის გამართვით ბოკერია დიდ ფულს აკეთებს. მისი მიზანია, მოშალოს ქვეყნის ფუნდამენტი, რასაც ჰქვია ეროვნული ღირებულებები. ეკლესია რომ არ იყოს ასე ძლიერი, საქართველო დიდი ხანია დაიშლებოდა. სარწმუნოებრივი ერთობა კრავს ერს. ე.წ. ნეოლიბერალებს არცთუ დაფარული გეგმა აქვთ, მოახდინონ განხეთქილების იმიტაცია მაინც, რადგან ხედავენ, განხეთქილება ეკლესიაში ვერ შეაქვთ, იყოს რამდენიმე სინოდი, რამდენიმე პატრიარქი, არაერთხელ უთქვამს ბოკერიას, _ საბერძნეთში ხომ არის შვიდი სინოდიო. ამის დაშვება საქართველოში არაფრით არ შეიძლება, ეს გახლეჩს ქვეყანას. ვინც ამას ცდილობს, ებრძვის საქართველოს ერთიანობას.
_ საუბარია, რომ “ნაცმოძრაობის” შიგნით იწყება ახალი პოლიტიკური ორგანიზმის აღმოცენება და რებრენდინგი. ამაზე რამე თუ იცით?
_ “ნაცმოძრაობის” შიგნით, რა თქმა უნდა, არეულია სიტუაცია. ერთი ორგანიზებული ფრთაა, ე.წ. ლიბერასტები, როგორც მათ ხალხში ეძახიან, რომელსაც სათავეში უდგას ბოკერია და ბენდუქიძე _ ბოკერია თავისი კავშირებით, ბენდუქიძე კი თავისი ფულით. ესენი კრავენ ამ ფრთას და ყველაზე ორგანიზებულად გამოიყურებიან. ყოველთვის მიზანმიმართულად ურტყამენ სახელმწიფოს და მის საძირკველს, მათ გუნდში არიან აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი. ისინი ამუშავებენ ერთიან მესიჯბოქსს და ზუსტად იციან, საით მიდიან. “ნაცმოძრაობის” შიგნით დაწყებულია ახალი პოლიტიკური თავშესაფრის ძიება, ნაწილმა იპოვა, რასაც დრო დაგვანახვებს, ნაწილი ჯერ თავს იკავებს, რადგან არ უნდათ ღალატში ჩაეთვალოთ, თუმცა ისინი ჯერ კიდევ წინა პარლამენტში არ ეთანხმებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიას.
“ნაციონალებიდან” განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან მაჟორიტარები. პირადად ვიცნობ რამდენიმე მათგანს სამეგრელოს რეგიონიდან. შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” დაიშლება. ასევე შემოდგომაზე ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი რამ მოხდება.
_ მაინც, რას ელოდებით?
_ ასეთი განცდა მაქვს, რომ ეს პარლამენტი სრულიად არაადეკვატური გახდება, უმცირესობაც და უმრავლესობაც. “ნაციონალური მოძრაობიდან” 60 კაცი პარლამენტში, ეს უკვე ანომალიაა. წარმოიდგინეთ, შემოდგომაზე “ნაციონალური მოძრაობა” რომ დაიშლება, მათი იქ ყოფნა პოლიტიკურად აუხსნელი იქნება, უსამართლობას რომ თავი დავანებოთ. მეორე მხრივ, უმრავლესობა შემოდგომიდან აუცილებლად დაიწყებს უკვე მზადებას, ერთმანეთის ღია კონკურენციას. ეს უმრავლესობა რომ არ ამართლებს და ეიფორიულ ფონზეა შესული პარლამენტში და ისეთი ხალხი რომ ზის პარლამენტში, სიზმარშიც რომ ვერ ნახავდნენ პარლამენტს, ეს ფაქტია. გუნდი, რომელიც ხდება მმართველი, უბრალოდ, სირცხვილია, იქ იყოს ბევრი ისეთი დეპუტატი, რომელიც პარლამენტში მოხვდა “ს კარაბლია, ნა ბალ”. მე ვფიქრობ, რომ ძალიან აქტუალური გახდება შემოდგომაზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემა. სამწუხაროდ, ამ პარლამენტმა ხალხის ნდობა ვერ გაამართლა.



ნინო სამხარაძე

#56 გაზეთი "ალია"

No comments:

Post a Comment