საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, "სულ მალე გამოვა ნორმატიული აქტი, რომლითაც 40 000 დევნილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დაიწყება".
ამის შესახებ დარახველიძემ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელ ჩალოკა ბეიანისთან შეხვედრისას განაცხადა.
"სამწუხაროდ, დევნილთა რიცხვი იზრდება, რადგან ბავშვები, რომელთაც ერთი მშობელი მაინც ჰყავთ დევნილი, დევნილად ითვლებიან. დევნილი ოჯახებიდან 25 000-ს სახელმწიფომ საცხოვრებელი სახლი გადასცა, ხოლო 5 000-ზე მეტ ოჯახს - 5-დან 7 000-მდე დოლარი. თუმცა ამან დევნილების პირობები ვერ გააუმჯობესა, რადგან მათ ვინც თანხები მიიღო, საცხოვრებელის საყიდლად არ ეყო, ხოლო ვინც ბინა მიიღო, ახლა ფართის პრობლემა აქვთ, რადგან თითო სახლში 9 ადამიანი მაინც ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი, რომლის საპილოტო ვერსია უკვე განხორციელდა იმერეთში და რაღაც შეუსაბამობები იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და შეჯერებით სულ მალე გამოვა ნორმატიული აქტი, რომლის ფარგლებშიც 40 000 დევნილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დაიწყება", - განაცხადა დარახველიძემ.
ნინო ჩიჩუა

No comments:
Post a Comment