"მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 192,568 ჰა მიწა მოიხნა, რაზეც 195 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ საუბრისას განუცხადა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საგაზაფხულო სამუშაოები მედია-ტურზე შეაჯამა, რომელიც ქართლის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში სამიწათმოქმედო სამუშაოების გაცნობას ითვალისწინებდა.
ამასთან, მედიის წარმომადგენლებმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მეურნეობა, რეაბილიტირებული სარწყავი არხები და პროექტში ჩართული სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები მოინახულეს.
ფიფიას განმარტებით, "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" 707,918 მიწის მესაკუთრეს დაეხმარა, რის შედეგადაც მცირემიწიანმა ფერმერებმა 53 მლნ ლარის ღირებულების სასუქი, 24 მლნ ლარის ღირებულების პესტიციდი, 5 მლნ ლარის ღირებულების სათესლე მასალა და 39 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი უსასყიდლოდ მიიღეს.
"საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტი გახადა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი შეიქმნა, რომელთან ერთადაც სამინისტრომ უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამა განახორციელა. შემჭიდროვებულ ვადებში მაქსიმალურად ქმედითი მექანიზმები შემუშავდა, რომ ხარვეზები მინიმუმამდე დაგვეყვანა იმ პირობებშიც კი, როდესაც მიწის 80% რეგისტრირებული არ იყო. პროგრამაში ყველა, 3500-მდე სოფელი იყო ჩართული. ეს მხოლოდ დასაწყისია, მთავრობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არაერთ უმნიშვნელოვანეს პროგრამას ახორციელებს და გეგმავს, რასაც მალე თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს", - განაცხადა ფიფიამ.
დავით ჯალაღონია
No comments:
Post a Comment